მარიამობა - მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

დრო 28.08.2018
ღირებულება თავისუფალი
მარიამობა - მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა — ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში.

დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ ახ. სტ. 28 აგვისტოს.   მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს.   

ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი.  ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის (აგრიპა I) მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს.

ზუსტად უცნობია, თუ როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.

მარიამობის მარხვა 1 (ახ. სტ.14) აგვისტოდან იწყება და 15 (ახ. სტ. 28) აგვისტოს მთავრდება.  

საქართველოში მარიამობა ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. საქართველოს შრომის კოდექსის მე–20 მუხლის თანახმად, 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა) უქმე დღედაა გამოცხადებული.

 

გაუზიარე მეგობრებს
მაისი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
მაისი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2018 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა